თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა მორიგი შეფასება წარმატებით გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული ასეული ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაშია (OCC E&F) ჩართული.
უწყების ცნობით, მეორე დონის შეფასების(NEL-2) წვრთნები საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და ნატოს რეაგირების ძალებისთვის მზადყოფნის დადასტურებას ისახავდა მიზნად.
წვრთნების დასკვნითი ფაზა ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეულმა ობიექტზე წინასწარ მომზადებული შეტევა განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო საბრძოლო მანქანა „დიდგორი". ქვედნაყოფმა დაჭრილებისა და დაშავებულების ევაკუაცია ვერტმფრენის დახმარებითა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკის“ გამოყენებით განახორციელა.
მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საბრძოლო მზადყოფნის დოკუმენტი გაფორმდა.
მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ნატოს მე-2 დონის(NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო.