თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, იუნკრებმა ხუთი კვირის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს.
ფიცის დადების ცერემონია ხერთვისის ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე გაიმართა. ფიცი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების 93-მა კურსდამთავრებულმა დადო.
სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, იუნკრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.
ცერემონიაზე წარჩინებულ კურსდამთავრებულებსა და ინსტრუქტორებს საპატიო სიგელები გადასცეს.