წულუკიანი: დეკემბერში ევროკავშირს ხელშესახებ შედეგებს წარვუდგენთ

წულუკიანის განცხადებით, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციის სულ რამდენიმე წარმომადგენელმა იმუშავეს.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დეკემბერში ღირსეულად წარდგება ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე, როდესაც რეფორმებსა და განსაზღვრულ დროში განხორციელებულ ხელშესახებ შედეგებს წარვადგენთ, განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობა შესრულდება — მათ შორის, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.

„ამის იქით უკვე ევროკავშირის გადასაწყვეტია, გამოსწორდება თუ არა, ჩემი პირადი აზრით, ის უსამართლობა, რომელიც უკავშირდებოდა მოლდოვისა და უკრაინისთვის ერთი ტიპის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის კი ერთი რანგით დაბალი სტატუსის მინიჭებას“, — განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციის სულ რამდენიმე წარმომადგენელმა იმუშავეს აქტიურად.
1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.