საქართველოში ორი დაცული ტერიტორია გაჩნდება

საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, რომელსაც ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. შიდა ქართლში ერთბაშად ორი დაცული ტერიტორია გაჩნდება, შესაბამისი ცვლილებები „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონში საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო.
დაცული ტერიტორიები ტანასა და თეძამის ხეობაში გაჩნდება.
„ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს გორში, ტანასა და თეძამის ხეობებში 32.850 ჰექტარ ფართობზე, ტანას აღკვეთილისა (საერთო ფართობია 10.986 ჰექტარი) და ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის (საერთო ფართობია 21.864 ჰექტარი) დაარსებას.
ორივე დაცულ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება უნიკალური ეკოსისტემების დაცვა, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობა, ტერიტორიაზე ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისება.
დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის საქართველო 16,3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს.
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, რომელსაც ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმეები.