როცა ლენტებით მოქარგული ბაბუაწვერები ბავშვობაში გაბრუნებს

ირინა ჯინჭარაძე ქალების იმ კატეგორიიდანაა, ვინც ყოფის ნაცრისფერ კონტურებს ფერებითა და არსით ავსებს. ერთნაირი წარმატებით მუშაობს თექაზე, ქსოვს ყაისნაღით, ბისერებითა და ლენტებით ქარგავს.
Sputnik
თავის ნამუშევრებს აერთიანებს საერთო განსაზღვრის ქვეშ – ლენტებით შექმნილი ხელოვნება. ასევე უწოდა ჯგუფს, რომელიც სოციალურ ქსელებში შექმნა. მისი წევრები მარტო ხელოვანი პროფესიონალები კი არა, ესთეტიკის მოყვარული ადამიანები არიან.
ირინა ჯინჭარაძის ნამუშევარი
- ქალბატონო ირინა, სად შეისწავლეთ მხატრულ-დეკორეტიულ ქსოვილებზე მუშაობა?
- პროფესიით მხატვარი ვარ. თავიდან ფერადი ფურცლებით აპლიკაციებს ვაკეთებდი და ბისერებს ვაწებებდი. ჩემი ნამუშევრები რომ უფრო დამეხვეწა, გადავწყვიტე დეკორატიული ქსოვა შემესწავლა, ამიტომ მხატრული დეკორატიული ქსოვის კურსებიც დავამთავრე.
ირინა ჯინჭარაძის ნამუშევარი
- რა მასალებზე მუშაობთ და მათგან რომელზე მუშაობაა შედარებით რთული?
- ამჟამად ვმუშაობ თექაზე, ყაისნაღით ვქსოვ, ბისერებითა და ლენტებით ვქარგავ. ყველა მათგანი დიდ შრომას და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. თუმცა იმის დანამდვილებით თქმა შემიძლია, რომ მათგან ყველაზე რთული თექაზე მუშაობაა. მას გაცილებით დიდი დრო სჭირდება. დღისით, მზის შუქზე მუშაობა მიყვარს, როდესაც ფერები უფრო ნათლად ჩანს. მომწონს ნაქარგებით შესრულებული ლენტებით ქარგვა, როცა საღებავებს აკრილსა და აკვარელს ვიყენებ ხოლმე.
ირინა ჯინჭარაძის ნამუშევარი
- დაახლოებით რა დროა საჭირო იმისთვის, რომ კომპოზიცია დაასრულოთ?
- თუ რთული კომპოზიციაა, მის დასასრულებლად სამი კვირაა საჭირო. მაგალითად, „იასამნებისთვის“ ყვავილის ფურცლები სულ ცალ-ცალკე შევკერე, ბოლოს კი ფერები დავადე. როცა შერეული ტექნიკით ვაკეთებ ნამუშევარს, უფრო მრავალფეროვანი გამოდის. ამიტომ ამ გზით შექმნილ და უკვე დასრულებულ ნამუშევარს როცა ვუყურებ, თავადაც მომწონს.
ირინა ჯინჭარაძის „გაზაფხული“
- ვიცი, რომ მოსწავლეები გყავთ და მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებიც არიან...
- სოციალურ ქსელებში შევქმენი ჯგუფი „ლენტებით შექმნილი ხელოვნება“, სადაც უცხოეთში მყოფი ხალხი მიკავშირდება. ზოგი იქ თავის ნამუშევარს ათავსებს, მსურველებს ამ ხელსაქმეს ვასწავლი. მიხარია, რომ ჩემი ჯგუფი ხელოვნების მოყვარულ ქართველებს ერთმანეთთან აკავშირებს. თითქმის ყველა ჩემს მოსწავლესთან ვმეგობრობ.
- უცნაური შემკვეთები თუ გყავდათ?
- მახსენდება ერთი შეკვეთა, როცა ძალიან დიდი ზომის ნაქარგი უნდოდათ და გავუკეთე. წარმოიდგინეთ, წითელი პიონები მთელ კედელზე, ეს ნამუშევარი სამნაწილიანია. უფრო დიდი ზომისაც უნდოდათ, მაგრამ ავუხსენი, რომ ამაზე დიდი ლამაზი არ იქნებოდა.
ირინა ჯინჭარაძის „წითელი პიონები“
- გამოფენებში თუ იღებთ მონაწილეობას?
- ჯგუფურ გამოფენაში არაერთხელ მაქვს მონაწილეობა მიღებული, ახლაც ვგეგმავთ. პერსონალური გამოფენა კი ჯერ არ მქონია და დიდი სურვილი მაქვს. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას, ვისაც ჩემი ნამუშევრები მოსწონს, მადლობას გადავუხდი, რადგან მათი ქება სტიმულს მაძლევს საიმისოდ, რომ კიდევ ბევრი ვიმუშაო.
ირინა ჯინჭარაძის „ბაბუაწვერები“
- საკუთარი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით რომელი მოგწონთ?
- ვთვლი, რომ ჩემი ყველაზე ძფირფასი და ლამაზი ნამუშევარი „გაზაფხულია“, რომელიც დაშლილი ლენტებით მოვქარგე. კიდევ მომწონს „ბაბუაწვერები“, ესეც ლამაზი გამოვიდა. როცა მას ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ბავშვობაში ვბრუნდები, იმ დროში, რაჭაში რომ ვისვენებდი და ყვავილებით მოჩითულ მინდორზე გავდიოდი. ალბათ ამაშია ხელოვნების დანიშნულება – შენში ყველაზე ძვირფასი მოგონებები და შეგრძნებები გამოიწვიოს. ხელოვნება ჩემთვის საშუალებაა, რომ საკუთარი ემოცია და აზრები გადმოვცე. მიხარია, რომ ამ გზით შემიძლია სამყაროსთან მქონდეს ურთიერთობა, რაც მართლა დიდ ბედნიერებას მანიჭებს...