ცნობილია ევროკავშირიდან 9 თვეში დეპორტირებულთა რაოდენობა: შსს მონაცემებს აქვეყნებს

Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი — sputnik. მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 2282 მოქალაქეა დეპორტირებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
შსს-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ქართველი გერმანიიდანაა დეპორტირებული. მათმა რაოდენობამ 1231 კაცი შეადგინა. ამ მხრივ მეორე ადგილზეა საფრანგეთი, საიდანაც საანგარიშო პერიოდში 459 მოქალაქე გამოაძევეს, მესამე პოზიციაზე კი საბერძნეთია — 86 დეპორტირებული მოქალაქით.
საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წლის მარტიდან მიიღეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოკლევადიანი მოგზაურობის უფლება. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რათა მათმა დარღვევებმა უვიზო რეჟიმის არსებობას საფრთხე არ შეუქმნას.
ქვეყანამ უკვე მიიღო მთელი რიგი ზომები სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის თავიდან ასაცილებლად. კერძოდ, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ. რეადმისიასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავად მოქალაქე ანაზღაურებს. ასევე გამკაცრდა გვარების შეცვლის პროცედურა, დაწესდა სისხლის სამართლის სასჯელები არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის.