თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით) 10,6% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
წლიურმა ინფლაციამ მაისში შეადგინა 13,3%, ივნისში – 12,8%, ივლისში – 11,5%, აგვისტოში – 10,9%, ხოლო სექტემბერში – 11,5%.
წელიწადზე გადაანგარიშებით ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (11,6%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (16,8%), ჯანდაცვაზე შემცირდა 2,6%-ით. სურსათზე ფასები წლიური 15,8%-ით გაიზარდა.
2022 წლის ოქტომბერში, 2022 წლის სექტემბერთან შედარებით, შედარებითი ინფლაციის დონემ 0,5% შეადგინა. სექტემბერში თვის ინფლაციამ 0,8% შეადგინა.
რა ხდება საქართველოში ინფლაციასთან დაკავშირებით
საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მაღალია ინფლაციური ზეწოლა, რასაც წამყვანი ცენტრალური ბანკები ფინანსური პირობების გამკაცრებით პასუხობენ. თუმცა, ეს აუარესებს გლობალური ეკონომიკური ზრდის მოლოდინს და ქმნის სტაგფლაციის რისკებს.
რეგულატორის ანალიტიკოსების აზრით, ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი.
„საქართველოში ინფლაციამ თავისი პიკური პერიოდი გაიარა, თუმცა კვლავ მაღალ დონეზე რჩება“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ბანკის ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა – იკლებს პროდუქციაზე ფასები და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ინდექსი ზედიზედ ექვსი თვეა მცირდება.
„მოსალოდნელია, რომ გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე მითითებული გლობალური ტენდენციები თანდათან ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა, რაც შეამცირებს ინფლაციას. თუმცა, არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამასთან, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გრძელვადიანი გადახრა ზრდის ინფლაციის შემცირების რისკებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
როდის დაიწყებს შემცირებას ინფლაცია – ეროვნული ბანკის პროგნოზი
ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ სხვა თანაბარ პირობებში მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება წლის ბოლომდე, თუმცა ეტაპობრივად კლებას გააგრძელებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევარში მიუახლოვდება.
არსებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, შენარჩუნდება მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მკაცრი დარჩება იქამდე, სანამ ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკები საკმარისად არ შემცირდება.
თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება, ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.