მსოფლიო დღეს

ერდოღანი: ანკარა და მოსკოვი მარცვლეულს უფასოდ გაგზავნიან აფრიკაში

Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისას გადავწყვიტეთ, აფრიკას მარცვლეული უფასოდ მივაწოდოთ, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა.
მისი თქმით, განახლებული „მარცვლეულის გარიგების“ ფარგლებში პირველი პარტია უკვე გაიგზავნა სომალიში, სუდანსა და ჯიბუტიში.

„პუტინთან მოლაპარაკებების დროს ჩვენ შევთანხმდით, რომ მარცვლეული უფასოდ გავგზავნოთ გაჭირვებულ ქვეყნებში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ აფრიკამ უნდა ისარგებლოს შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მარცვლეულით დატვირთულმა გემებმა მიაღწიონ იმ ქვეყნებს, რომლებიც ამჟამად მძიმე სასურსათო კრიზისსა და შიმშილს განიცდიან“, — აღნიშნა ერდოღანმა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, აფრიკის მარცვლეულით მომარაგებაზე ის G20-ის სამიტზეც ისაუბრებს 13-14 ნოემბერს.
რუსეთმა „მარცვლეულის გარიგებაში“ მონაწილეობა 29 ოქტომბერს შეაჩერა და მიზეზად სევასტოპოლის ყურეში რუსულ ხომალდებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა დაასახელა. თუმცა მას შემდეგ, რაც თურქეთის შუამავლობით უკრაინისგან მიიღო გარანტიები, რომ სასურსათო დერეფანს სამხედრო მიზნებით არ გამოიყენებს, კვლავ დაუბრუნდა შეთანხმებას.
„სასურსათო შეთანხმება“, იგივე „მარცვლეულის გარიგება“, მიმდინარე წლის 22 ივლისს გაფორმდა სტამბულში. მას რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის გავლით უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეულის, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქების გატანას ითვალისწინებს, 1 აგვისტოს შევიდა ძალაში.