თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად იმსახურებენ პარტიულ სიაში ყოფნას, განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ.
ასე გამოეხმაურა წითლიძე ნონა მამულაშვილის გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოს პარლამენტის დატოვების შესახებ. ეკონომისტი მამულაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ სიით მოხვდა. პარლამენტში ის ჯანდაცვის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი იყო.
„ნონა პარტიაში 1-1,5 წელია რაც მოვიდა. ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება უფრო მეტად იმსახურებდნენ „ნაციონალური მოძრაობის" სიაში ყოფნას", – განაცხადა წითლიძემ.
ჩვენ ახალ კადრებს ვაძლევთ შესაძლებლობას მოვიდნენ პოლიტიკაში, იპოვონ საკუთარი თავი, თავიანთი ადგილი პოლიტიკაში და იბრძოლონ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, აღნიშნა დეპუტატმა.
„ვიღაც ახერხებს ამას გაუმკლავდეს, ვიღაც კი ვერ ახერხებს“, – განაცხადა წითლიძემ.
გუშინ მამულაშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან და პარტიაში სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. მისი თქმით, ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს.
„დღე არ გადის, რომ „ნაცმოძრაობიდან“ ვიღაც არ გაიქცეს. ნონა მამულაშვილი იყო ყაჩაღთა ბანდის აქტიური წევრი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტს მხოლოდ მაგიდებზე სირბილით დაამახსოვრდა. ეს არის ქართული პარლამენტარიზმის განვითარებაში მისი დამსახურება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ოქტომბრის დასაწყისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვა ნიკა ობოლაძემ. პოლიტიკოსმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად პარტიაში ენერგიის ნაკლებობა და ქვეყანაში რაღაცის შეცვლის სურვილის არარსებობა დაასახელა. ობოლაძე მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ ამჟამინდელ შემადგენლობას არ აქვს შესაძლებლობა შეცვალოს ქვეყანაში ვითარება.
ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ თავისი სიტყვების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს. მაშინ მელიამ თქვა, რომ უმჯობესი იქნება, თუ კეზერაშვილი ოპოზიციისგან თავს შორს დაიჭერს.
ობოლაძის პასუხად მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას და, ზოგადად, განსხვავებული აზრის გამოთქმა – ნორმალურია.
რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისი ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს ბრძოლა ფინანსებისა და შიდა გავლენების მოსაპოვებლად, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა.