მსოფლიო დღეს

რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასი დაწესდება: G7 და ავსტრალია შეთანხმდნენ

Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. „დიდი შვიდეული“ (G7) და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ზღვრული, ფიქსირებული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში ნოემბრის ბოლოს შევა, იუწყება სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-სა და G7-ის წარმომადგენლები ბოლო კვირებში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ზღვით გადაზიდულ რუსულ ნავთობზე ზედა ზღვრული ფასის დაწესებასთან დაკავშირებით. ეს უნდა ყოფილიყო გარანტია იმისა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციები შეზღუდავდა მოსკოვის ნავთობშემოსავლებს, მაგრამ არ გადაფარავდა მსოფლიო ნავთობბაზარს.

„კოალიცია შეთანხმდა, რომ ზედა ზღვარი იქნება ფიქსირებული ფასი, რომელიც ინდექსთან მიმართებით კი არ შემცირდება, არამედ რეგულარულად გადაიხედება. ეს გაზრდის ბაზრის სტაბილურობას და გაამარტივებს იმ მოთხოვნების დაცვას, რომლებიც ბაზრის მონაწილეებზე დატვირთვის მინიმიზაციას შეეხება“, — განუცხადა სააგენტოს წყარომ.

ამასთან, მისი თქმით, ფიქსირებული ფასების სისტემის ნაკლი ისაა, რომ ფასების რეგულარული გადახედვისთვის კოალიციას უფრო ხშირი შეხვედრები და ბიუროკრატია დასჭირდება.
არსებული ცნობით, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის ოდენობა ჯერ არ შეთანხმებულა, ის უახლოეს კვირებში დაწესდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოსკოვი არ მიაწვდის ენერგომატარებლებს იმ ქვეყნებს, რომელთა მთავრობებიც უკვე გაფორმებული კონტრაქტებისგან განსხვავებული ფასების დაწესებას დათანხმდებიან რუსულ ნავთობსა და გაზზე.