ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, არ ისარგებლონ არალეგალური გადამცვლელი პუნქტებით

ასეთი ბიზნესი კანონიერი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ეროვნულმა ბანკმა დადგენილი წესების მიხედვით დაარეგისტრირა.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაცვლის რამდენიმე არალეგალური პუნქტი გამოავლინა და მათ მფლობელებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კრიმინალური ბიზნესისგან, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სხვადასხვა ადგილზე დაფიქსირდა ვალუტის გაცვლის დაურეგისტრირებელი პუნქტები და მათ მიერ ვალუტის გაცვლის არასანქცირებული ოპერაციების ჩატარების ფაქტები.

„რეგისტრაციის გარეშე ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოება წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაძლოა გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა“, – ნათქვამია განცხადებაში.

რეგულატორი აღნიშნავს, რომ ასეთი ბიზნესი კანონიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის გაცვლის პუნქტი ეროვნულმა ბანკმა დაარეგისტრირა დადგენილი წესების შესაბამისად.
ეროვნულმა ბანკმა მეწარმეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ვალუტის გაცვლის ოპერაციების ჩატარებისგან კანონმდებლობის გვერდის ავლით, ხოლო მომხმარებელს სთხოვა, მეტი ყურადღება გამოიჩინოს და ვალუტა გადაცვალოს მხოლოდ დარეგისტრირებულ პუნქტებში, ყოველთვის მოითხოვოს ქვითარი.
ვალუტის გაცვლის დროს დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი მომხმარებელს ურჩევს, დარეკოს რეგულატორის „ცხელ ხაზზე“ – 2 406 406, ან ინფორმაცია მიაწოდოს ფოსტით cp@nbg.gov.ge.
საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დარეგისტრირებულია 672 გაცვლის პუნქტი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს