თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. რა გახდა ძველ თბილისში სამსართულიანი სახლის ჩამონგრევის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს, განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.
„საბედნიეროდ, ცურტაველის 3 ნომერში ნგრევის შედეგად მსხვერპლი არ არის, გადავრჩით. ადგილზე მობილიზებულია ყველა საქალაქო სამსახური, ადგილობრივი გამგეობა. რა თქმა უნდა, დაწყებულია გამოძიება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მისი თქმით, პოლიციამ უკვე დაიწყო მცხოვრებლების გამოკითხვა, რათა ჩამონგრევის მიზეზი დადგინდეს.
„მოსახლეობას ვთავაზობთ ამაღამ სასტუმროში გაათენონ ღამე, შემდეგ კი ქირით დავაკმაყოფილებთ. დღესვე დავიწყებთ ზრუნვას, რომ შენობის ნაწილები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს, დავშალოთ“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
გამგებლის თქმით, სულ ძველი თბილისის ტერიტორიაზე 400–ზე მეტი ავარიული შენობაა, მაგრამ მათი ნგრევის საფრთხე არ არსებობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ გამგეობამ დააფინანსა ჩამონგრეული შენობის გვერდით სახლშიკიბისა და კედლის რემონტი. დანგრეული სახლის მცხოვრებისგან თხოვნა რემონტზე არ ყოფილა.
წინასწარი ინფორმაციით, ჩამონგრევის მიზეზი შეიძლება მშენებლობის წესების დარღვევა გახდა – ჩამონგრეული შენობის გვერდით ახალი შენობის ფუნდამენტის გათხრაზე ტრაქტორი მუშაობდა.