საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - ოქტომბრის მონაცემები

მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს 4,4 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2022 წლის ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 125,9%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
ქვეყანამ ოქტომბერში 498,5 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო და 2019 წლის მაჩვენებლები 63,7%-ით აღადგინა.
უწყების ცნობით, ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 344,6 ათასი, რაც 2021 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე 82,6%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 78,5%-ით.
სულ 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში საქართველოს 4,4 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 188,5%-ით მეტია. პანდემიანდელ პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელი 54,8%-ით აღდგა.
რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის რამდენი მოქალაქე იმყოფება საქართველოში?>>>
წლის დასაწყისიდან ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან 3 მილიონზე მეტი ტურისტული იყო, რაც 137,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველომ 2019 წლის მაჩვენებლები 68,8%-ით აღადგინა.
ტურიზმის როლი
ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიამდე დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, ამიტომ ამ სფეროს აღდგენა ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღსადგენად ძალზე მნიშვნელოვანია.
ტურიზმი კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. 2020 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა და მხოლოდ 427,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური), მაშინ, როცა 2019 წელს რეკორდი დაფიქსირდა – ქვეყანას ეწვია 9,3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური, ხოლო შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ 2021 წელს შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო.
შედეგად, 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 45,1%-ით მეტია. ტურიზმის შემოსავლებმა 2021 წელს 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.