ქვეყნის მასშტაბით ტყის აღრიცხვა განხორციელდა

მიღებული ინფორმაცია უზრუნველყოფს ტყის რესურსების მდგრად მართვასა და გამოყენებას, აღნიშნავენ სააგენტოში.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ტყეების სახელმწიფო ინვენტარიზაცია განხორციელდა – შემოწმდა მდგომარეობა, დადგინდა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და გერმანიის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. იგი გულისხმობს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის აღრიცხვის უპრეცედენტო სამუშაოები განხორციელდა. მსგავსი ტიპის ინვენტარიზაციისთვის სპეციალურად შემუშავდა მეთოლოგია, რის საფუძველზეც დაინერგა ტყეების სტატისტიკური აღრიცხვის მექანიზმი“, – აღნიშნა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა.

ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის მეთოდოლოგია ეფუძნება სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, რომელიც ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეიმუშავეს.
ინვენტარიზაცია განხორციელდა სატყეო სექტორის რეფორმის ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).