„ნაცმოძრაობას“ პარლამენტში კიდევ ერთი დეპუტატი მოაკლდება

თავის პოლიტიკურ საქმიანობას დეპუტატი ოქტომბერში შექმნილი ინოვაციური პლატფორმა „გამზირის“ ფარგლებში გააგრძელებს.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სავარძლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ნონა მამულაშვილმა.
ეკონომისტი მამულაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ სიით მოხვდა. პარლამენტში ის ჯანდაცვის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი იყო.
„მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებპარლამენტს და„ნაციონალურ მოძრაობას“, – დაწერა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მისი გზები პარტიასთან იყოფა.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან. სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს“, – დაწერა მამულაშვილმა.
მისი თქმით, თავის პოლიტიკურ საქმიანობას ის „ნაცმოძრაობის ყოფილი წევრისა და ტელეკომპანი „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი ხვედელიანის მიერ ოქტომბერში შექმნილი ინოვაციური პლატფორმა „გამზირის“ ფარგლებში გააგრძელებს.
„ეს აღსარებაა": ვიცე-სპიკერი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის განცხადებაზე>>
მამულაშვილმა აღნიშნა, რომ პლატფორმის ფარგლებში, რომელიც დამოუკიდებელ ციფრულ ტელევიზიას წარმოადგენს, ის ხვედელიანთან ერთად პროექტ „რეისის“ განხორციელებას გეგმავს.
მამულაშვილის წასვლის შემდეგ „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში 27 ადგილი დარჩება. მამულაშვილის შეცვლა შეუძლებელია, რადგან პარტიამ 2020 წელს საქართველოს ცესკოში საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილი პარტიული სია გააუქმა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს