მამუკა მდინარაძე: აშშ-ის საელჩომ „მთავარი არხი“ პარტიულ მედიად აღიარა

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი „მთავარი არხის“ გენდირექტორის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის საელჩომ დაადასტურა ის, რასაც საქართველოს მმართველი პარტია დიდი ხანია აცხადებს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ არის პარტიული მედია, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
აშშ-ის საელჩომ „მთავარი არხს“ „მთავარი ოპოზიციური ტელეარხი“ უწოდა. ამის შესახებ ნათქვამია „მთავარი არხის“ გენდირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ აშშ-ის საელჩოს მხრიდან საუბარია პარტიულ, ანუ მთავარი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელზე... კრიტიკის პარალელურად ჩვენ ვნახეთ აღიარება, რომ ეს არის პარტიული მედია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მან არ დამალა უკმაყოფილება საელჩოს განცხადების მეორე ნაწილთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სამართალდამცველი სტრუქტურებისა და სასამართლოს მიმართ.
„სასამართლო ხელისუფლების მიმართ როდესაც მიდის კრიტიკა, ვისურვებდი კიდევ უფრო მეტ მკაფიოობას. სასამართლო გადაწყვეტილებას როდესაც აკრიტიკებ, ასეთი ზოგადი ფრაზებით კრიტიკა ბუნდოვანებას იწვევს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ მსგავსი კრიტიკა სასამართლოს რეპუტაციას სერიოზულ ზიანს აყენებს.
ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა>>>
„როდესაც შენ ამბობ, რომ ეს ცუდია, უნდა განმარტო – რატომ და რისთვის არის ცუდი. უნდა თქვა, რომ სამართლებრივად არის გაუმართავი, ან მსგავსი რამ. ასეთი ზოგადადი კრიტიკა პირდაპირ ურტყამს სასამართლოს და არის ძალიან ცუდი“, – აღნიშნა დეპუტატმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტები, ოპოზიციონერები და არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნებული არიან, რომ სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან 2015 წელს, მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. „რუსთავი2“ ხალვაშს 2019 წელს, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე დაუბრუნდა.