თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ირანის ტრანსპორტის მინისტრი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური როსტამ ქასემი საყვარელთან ერთადაა გადაღებული ინდონეზიაში, წერს ინდური ახალი ამბების პორტალი Firstpost.
გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოები კუალა-ლუმპურში ჯერ კიდევ 2011 წელსაა გადაღებული — ქასემის მეუღლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, თუმცა ისინი ახლაღა გავრცელდა ინტერნეტით.
პორტალი იმ ფონზე, როდესაც ირანში უკვე თვე-ნახევარია მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქციები ჰიჯაბის არაწორი ტარებისთვის დაკავებული და პოლიციის მიერ ნაცემი მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მინისტრის საყვარელს ჰიჯაბი არ ახურავს.
ფოტოებმა ირანელთა მასობრივი აღშფოთება გამოიწვია, ვინაიდან როსტამ ქასემი ირანელი ქალების ჩაცმულობის მიმართ სიმკაცრით გამოირჩევა. შესაბამისად, ინტერნეტ-მომხმარებლებმა მას პირფერი უწოდეს.
ირანში უკვე თვე-ნახევარია გრძელდება საპროტესტო აქციები. ამ ხნის განმავლობაში, დემონსტრაციების დარბევის დროს, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, დაკავებულია ათასზე მეტი დემონსტრანტი.