მხოლოდ ერთი ასეთი ათეული წელი მიითვალა სამების საკათედრო ტაძრის ირგვლივ აშენებულმა ბაღმა და ის, რომ იგი უკვე თბილისელთა და დედაქალაქის სტუმრების ერთ-ერთ საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა, უკვე მრავალზე მეტყველებს.
დღეს გვინდა იმ ადამიანებზე მოგითხროთ, ვინც ამ ბაღის მშენებლობას დაუდო სათავე და დღემდე რუდუნებით ზრუნავს მის სილამაზეზე.
ყველაფერი 2005 წელს დაიწყო, როცა სამების სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დასრულდა და ჯერი მის ირგვლივ ტერიტორიის კეთილმოწყობაზე მიდგა.
ნანული პირველი — ლანდშაფტის არქიტექტორი, სამების ბაღის თავდაპირველი პროექტის ავტორი
ქალბატონი ნანული საქართველოში უფრო ცნობილია როგორც მსახიობი, რომელმაც დაუვიწყარი სახეები შექმნა ქართული კინოს კლასიკად ქცეულ ფილმებში: „კეთილი ადამიანები“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „ციმბირელი პაპა“, „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“, „ცხელი ზაფხულის სამი დღე“. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ სამების ულამაზესი ბაღის თავდაპირველი პროექტის ავტორი, სწორედ ეს მშვენიერი ქალბატონი გახლავთ.
„როცა სამების არქიტექტორმა ბატონმა არჩილ მინდიაშვილმა ამ ბაღის პროექტზე მუშაობა მთხოვა, ახალი დასრულებული მქონდა წინანდლის ბაღის რეკონსტრუქციაზე მუშაობა და სწორედ წინანდლის ბაღი გახდა ჩემთვის შთაგონების წყარო“, — იხსენებს ქალბატონი ნანული.
მისი თქმით, საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა დაახლოებით ერთი წელი გრძელდებოდა. ლანდშაფტის არქიტექტორისათვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ თითოეული თარგის ფორმა, არამედ დასარგავ მცენარეთა ფორმა და ფაქტურა, სეზონთა ცვალებადობის გათვალისწინებით, და რა თქმა უნდა ის რომ, ყველა მცენარისათვის შესაფერისი საარსებო გარემო შექმნილიყო.
ცალ ცალკე გაკეთდა 10-მდე თარგი მცენარეებისათვის. გასამწვანებელი ტერიტორიის ფართობმა 33 765 კვადრატული მეტრი შეადგინა. იმ დროინდელი საქართველოს ისტორიაში ასევე უპრეცედენტო იყო ბაღისათვის გამოყენებულ მცენარეთა რაოდენობა: 1200 — მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე, 2300 მარადმწვანე და ფოთლოვანი ბუჩქი, 2500-მდე ვარდის ბუჩქი, ხოლო სეზონური და მრავალწლიანი ყვავილებისა და სხვა ნიადაგმფარავების რაოდენობის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.
ქალბატონი ნანულის თქმით, ძალიან რთული იყო ამ რაოდენობით მცენარეების მოძიება საქართველოში, ამიტომ საპროექტო ჯგუფმა მსოფლიოს ცნობილ სანერგეებს მიმართა და სამების ეზოს მკვიდრთა პირველი პარტიის ჩამოტანა პოლონეთიდან მოხდა.
ლიკა ქურციკიძე — ლანდშაფტის არქიტექტორი, სამების ბაღის არსებული პროექტის ერთ-ერთი ავტორი და მისი არქიტექტორი დაარსების დღიდან დღემდე
სამების ბაღის განაშენიანების პირველი ეტაპი 2005 წელს განხორციელდა და დაგეგმარების პროცესში, რომელსაც ქალბატონი ნანული პირველი ხელმძღვანელობდა ქალბატონი ლიკაც ჩაერთო. მოგვიანებით ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნანული პირველი ჩამოშორდა პროექტს და უკვე 10 წელია თუ რამ გაკეთებულა სამების ბაღში, სწორედ ლიკა ქურციკიძის პროექტითა და ხელმძღვანელობით ხდება.
ქალბატონი ლიკას თქმით, ამ ათი წლის მანძილზე ბაღმა საკმაოდ ბევრი ცვლილება განიცადა. იცვლებოდა თარგები, მცენარეთა სახეობები — ძირითადად სეზონური მცენარეების, ემატებოდა ახალი მცენარეები და ამაში მნიშვნელოვანწილად სამების ტაძრის მრევლიც იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ტაძარს საჩუქრად გადასცემდნენ ხეებს. სამების ტაძრის უკანა ეზოში "როზარიუმის" გაკეთების იდეა პატრიარქს ეკუთვნის.
„აღსანიშნავია, რომ ამ როზარიუმის გაკეთებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის მონაზონ თეკლე სიხარულიძეს, რომელიც არის ამ ვარდების ბაღის იდეის თანაავტორი. სწორედ მისი მონდომებითა და ძალისხმევით გაკეთდა ეს როზარუმი“, — აღნიშნავს ლანდშაფტის არქიტექტორი.
ლიკა ქურციკიძის თქმით, დიდია ასევე ბატონი ვალოდია ბრეგვაძის დამსახურებაც, რომელიც ასევე მონაწილეობას იღებდა თავდაპირველად ბაღის დაგეგმარებაში და სწორედ მისი ვარდები იქნა გამოყენებული ტერიტორიის ნაწილზე.
ვალოდია ბრეგვაძე — აგრონომი, მებაღე, სამების ტერიტორიის გამწვანების ერთ-ერთი ორგანიზატორი
იმ პერიოდში ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად და სწორედ მას დაევალა ქალბატონი ნანული პირველის პროექტის განხორციელების ორგანიზება.
„მიუხედავად იმისა, რომ დეკორატიულ მებაღეობაში მრავალწლიანი გამოცდილება მქონდა, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო და ღამეებს ვათენებდით, რომ პროექტი განგვეხორციელებინა", — იხსენებს ბატონი ვალოდია.
რა თქმა უნდა სამების სამშენებლო სამუშაოების შემდეგ პირველ რიგში ტერიტორიის გასუფთავება უნდა მომხდარიყო და შემდეგ ახალი ნაყოფიერი მიწის შემოტანა ყვავილნარებისათვის.
„ვერ გეტყვით რამდენი მანქანა მიწა შემოვიტანეთ — რამდენიმე ასეული. თითოეული მანქანა მიწის ვარგისიანობას ადგილზე პირადად ვამოწმებდი და თუ ოდნავ ეჭვი შემეპარებოდა რამეში უკან ვაბრუნებდი. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ სამების როზარიუმის უმეტეს ნაწილს სწორედ ჩემს სანერგეში გაზრდილი, ჩემი ნამყენი ვარდები ამშვენებს, თუმცა ვარდების ნაწილი გერმანიისა და საფრანგეთის ცნობილი სანერგეებიდან ჩამოვიდა, რასაც მაშინ გერმანიიდან ახალი ჩამოსული ზურა შევარდნაძე ხელმძღვანელობდა", — გვითხრა ვალოდია ბრეგვაძემ.
ზურა შევარდნაძე — საპარტრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი:
ბაღის განაშენიანების პროცესში სასწავლებლის დაარსებასთან ერთად ჩავერთე. საერთოდ სასწავლებელი სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ სამების ბაღისათვის მებაღეები მოგვემზადებინა და ასევე შეგვექმნა ბაზა ბაღისთვის მცენარეების გამოსაყვანად. სწორედ ამიტომ აშენდა სასწავლებელთან ისევ სამების ტერიტორიაზე პატარა სასათბურე მეურნეობაც. მე რომ მივედი ბაღის ძირითადი ნაწილი გაშენებული იყო და მცირე წვლილი მიმიძღვის გარკვეული კუთხეების განაშენიანება-გადაჯგუფებაში. ჩემთვის ძალიან ბედნიერი დრო იყო — მახსოვს როგორი აღფრთოვანებული და ბედნიერი ვიყავი, რადგან უშუალოდ პატრიარქისაგან ვიღებდით რჩევა-დარიგებებს, ძალიან ხშირად მოდიოდა ჩვენთან, კვირა არ გავიდოდა საჩუქრებითა და მცენარეებით დატვირთული მანქანით არ მოსულიყო. ანგარიშს ვაბარებდით და რჩევას ვეკითხებოდით. უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით ორჯერ ჩამოვიტანე ვარდები „კორდესის“ სანერგიდან.
ამჟამად სამების ბაღის ნაწილში კვლავ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.
არქიტექტორ ლიკა ქურციკიძის თქმით, 2012 წელს გადაწყდა სამების ბაღის რეკონსტრუქცია. ფონდმა "ქართუმ" ახალი პროექტი ერთ-ერთ ცნობილ ინგლისურ დიზაინერულ კომპანიას დაუკვეთა. გაკეთდა ახალი ერთობლივი პროექტი ინგლისელების და ქართველების თანამონაწილეობით. ქართული მხრიდან პროექტში მონაწილეობდნენ, ლიკა ქურციკიძე, მონაზონი თეკლა სიხარულიძე და ზურაბ შევარდნაძე. პროექტი ითვალისწინებდა პარკის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქციას, მარჯვენა მხარეს ხვიარა მცენარეების პერგოლის, რეგულარული ფრანგული ბაღის და იაპონური კუთხის მოწყობას.
ამ პროექტის მიხედვით უკვე გახორციელდა საბავშვო საჭყუმპალაო აუზის და მისი მიმდებარე თარგების რეკონსტრუქცია, სამების ეზოს შეემატა მთელი რიგი საინტერესო და იშვიათი მცენარეების კოლექცია. თუმცა პროექტის სრულად განხორციელება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
უსამართლობა იქნებოდა ამ სტატიაში, რომ არ აღგვენიშნა საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის როლი, სამების ბაღის განაშენიანებისა და მისი მოვლის საქმეში. სწორედ კოლეჯის პედაგოგებისა და მისი სტუდენტების დამსახურებაა, ის რომ დღეს, სამების საკათედრო ტაძრის ბაღს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თბილისის მწვანე არქიტექტურაში.