ქართველ ავტომრბოლელებს ისტორიული წარმატება მიულოცეს

ქართველმა ავტომრბოლელებმა ისტორიაში პირველად მოახერხეს მსოფლიოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავება.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ ქართველ ავტომრბოლელებს მევლუდ მელაძესა და ირინა ონაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან დღეს, გამთენიისას დაბრუნდა. სპორტსმენებს აეროპორტში ახლობლები, იოსებ ბაღათურია, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
ჩემპიონატმა სტარტი საფრანგეთის ქალაქ მარსელში 26 ოქტომბერს აიღო და 30 ოქტომბერს დასრულდა. ქართველმა ავტომრბოლელებმა – საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ და „მის საქართველო 2003“-ის ტიტულის მფლობელმა ირინა ონაშვილმა მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრასაზე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მათ ავტოსლალომში იასპარზეს. ესაა ავტოსპორტის სახეობა, სადაც მძღოლმა გარკვეულ ტერიტორიაზე მონიშნული რთული მონაკვეთი უნდა გაიაროს მაქსიმალურად სწრაფად.
FIA Motorsport Games მულტისპორტული შეჯიბრებაა ავტოსპორტში, რომელსაც ქვეყნები საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ეგიდით ატარებენ. პირველი ღონისძიება 2019 წელს იტალიაში ჩატარდა.