დაფინანსების ახალი მოდელი: როგორ აფასებენ თბილისის კლინიკები ცვლილებებს

Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებს კარგი მოლოდინები აქვთ ჰოსპიტალური მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ერთსა და იმავე მომსახურებაზე ტარიფები ყველა კლინიკაში ერთნაირი იქნება, განაცხადა „ავერსის“ კლინიკების ქსელის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ.
აღნიშნული სიახლე ძალაში 1 ნოემბერს შევიდა. ახალი სისტემის მიხედვით, მკურნალობის საბაზისო ტარიფები პაციენტის სტაციონარში მოხვედრიდან მის გაწერამდე დაითვლება. საუბარია ე.წ. DRG–სისტემაზე, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ გზით ჯანდაცვის სამინისტრო დამატებითი თანხის საფასურად VIP-მომსახურების პრაქტიკის აღმოფხვრას გეგმავს.

„ეს დრო სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოვმზადებულიყავით პროცესისთვის. DRG-ის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მთელი რიგი ფასების გენერირება ხდება მკურნალობის პროცესში. <...> ეს ძალიან თანამედროვე, სწორი მეთოდია დაფინანსებისა, რომელიც ძალიან ბევრ წამყვან ქვეყანაშია, სადაც ჯანდაცვის სექტორი კარგად არის განვითარებული. აქედან გამომდინარე, ჩვენც გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები“, — აღნიშნა ჯორბენაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ვლადიმერ პაპავას თქმით, კლინიკა აქტიურად მუშაობს დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვაზე, კადრები უკვე მომზადებულია და დაფინანსებასთან დაკავშირებით რაიმე დაბრკოლებები მოსალოდნელი არ არის.
პაპავას განმარტებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ეს მოდელი ძირითადად ქირურგიულ პროფილს შეეხება.
DRG–სისტემა (Diagnostic Related Group) ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". DRG–სისტემის დანერგვის შემდეგ სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს დამატებითი ხარჯების გადახდა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
თუ აქამდე საქართველოში არსებული კლინიკები, ვთქვათ, აპენდიციტის ოპერაციისთვის სხვადასხვა ფასს სთავაზობდნენ პაციენტებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ აღნიშნული ოპერაციის საფასური ყველა საავადმყოფოში ერთნაირი იქნება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უწყება მკაცრად გააკონტროლებს ახალი სისტემის დანერგვას და, შესაბამისად, კლინიკებს არ ექნებათ პაციენტებისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნის მოტივაცია.