თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციას სურდა კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ პოლიტიკური შურსიძიებისთვის გამოეყენებინა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.
„ეს არის მათი პოლიტიკური ტრავმა, მათ მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებთ იმის გამო, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს რადიკალური ოპოზიცია გაისტუმრა ხელისუფლებიდან არჩევნებით და მშვიდობიანად იმის მიუხედავად, რომ მშვიდობიანად ძალაუფლების დათმობას არ აპირებდნენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, კანონში დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციამ დაინახა შესაძლებლობა, რომ ის პოლიტიკური შურისძიებისთვის გამოეყენებინა. თუმცა მათი გათვლები მოკლევადიანი და ზედაპირული აღმოჩნდა.
„გვესმის ოპოზიციამ რატომ დაიხია უკან. მათ საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს უკრაინული კრიტერიუმების გათვალისწინებით რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი და შემდეგ შიგნით დაიწყო კონფლიქტური პროცესები, რადგან ხედავენ, რომ ამ კანონმა პრობლემები შეიძლება პარტიულ შავ დაფინანსებას შეუქმნას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონით სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი უკრაინული კანონის ანალოგიის მიხედვით შეიმუშავა, რადგანაც ის ერთადერთია და ევროკავშირის მიერ მოწონებული.