თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რეისების მიღება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ბილიკის რემონტთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს დაიკეტა და ის 24 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო, მაგრამ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოები არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო გაჭიანურდა. ამ პერიოდში რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდებოდა.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა. პირველი რეისი გვიან ღამით მინსკიდან შესრულდა, რომელსაც 80 მგზავრი ჩამოჰყვა, ქუთაისიდან კი 92 ადამიანი გაფრინდა. დღეს, 12:30 საათზე შესრულდება რეისი ათენიდან, 13:30 საათზე კი ბორტი ქუთაისიდან ლარნაკაში გაფრინდება", – ნათქვამია განცხადებაში.
აეროპორტების გაერთიანების განმარტებით, განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში მოხდა ასფალტ-ბეტონის საფარის დაზიანებული ადგილების ფრეზირება. სადაც ბეტონის ფილები ყველაზე მეტად იყო დაზიანებული, მოხდა ფილის დემონტაჟი. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუა ნაწილში ორ ფენად დაიგო 80 მმ სისქის მსხვილმარცვლოვანი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცენტრალურ უბანზე წვრილმარცვლოვანი მოდიფიცირებული ასფალტ-ბეტონის 50 მმ სისქის საფარი გაკეთდა.
პროექტის ბიუჯეტი 8 მლნ ლარს შეადგენდა, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ – საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დაფარა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა.