თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა 2022 წლის ცხრა თვეში 10,2%-ით გაიზარდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
„მინდა შევეხო ეკონომიკურ ზრდას. მოგეხსენებათ, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და დაძაბულობის ფონზე ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. წლის დასაწყისიდან ზრდის მაჩვენებელი 10,2%-ია, რაც უპრეცედენტოა მთელ ევროპაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ექსპორტი გაიზარდა 40%-ით და ცხრა თვეში ზრდამ 37,4% შეადგინა, მიღებული შემოსავალი კი 4 მლრდ დოლარია.
„ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. თუ შევადარებთ 2019 წლის მაჩვენებლებს, მიმდინარე წელს ქვეყანაში ტურიზმი 97,5%-ით არის აღდგენილი. აღნიშნული სფეროდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 4,5 მლრდ დოლარი“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა წლის ბოლომდე შენარჩუნდება და წლის ბოლოსთვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.