დეპუტატის გარდაცვალებამ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი შეცვალა

ასევე გადაიდო იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის გამოსვლაც, რაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უნდა გამართულიყო.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა – კანონმდებლებმა დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ხსოვნას პატივი მიაგეს.
მმართველი პარტია„ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ხახუბია 27 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. დეპუტატი 51 წლის იყო.

„რამდენიმე დღის წინ დავკარგეთ ძალიან თბილი და მეგობარი ადამიანი, ჩვენი კოლეგა – ირაკლი ხახუბია. მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, – მიმართა დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

მისი თქმით, პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება და არც კანონპროექტების განხილვა მოხდება.
„კონსულტაციები გაიმართა როგორც უმრავლესობასთან, ისე საპარლამენტო ოპოზიციასთან. ყველა შეთანხმდა და სხდომა ისე გაიხსნება და დაიხურება, რომ არ იქნება პოლიტიკური განცხადებები და არც საკითხების განხილვა მოხდება, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება, პატივი მიაგოს ჩვენი კოლეგის ხსოვნას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ასევე გადაიდო იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის გამოსვლაც, რაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უნდა გამართულიყო.
ხახუბიას ახლობლების განცხადებით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.
ბექა ხახუბია BMW X5-ის მარკის ავტომანქანით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. იმისთვის, რომ მანქანა გაეჩერებინათ, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა გადაამეტა უფლებამოსილებას და გორის გვირაბთან მოქალაქეთა ავტომანქანებით გადაკეტა საავტომობილო გზა. ბექა ხახუბია ამ პირობებში მომხდარ ავტოავარიაში დაიღუპა.