თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ „ეკოსერვისის“ თანამშრომელს დევი მეზურნიშვილს, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნიდან დაშავებული ბავშვები ამოიყვანა, მშენებარე ბინა გადასცა. ამის შესახებ თავად დევი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემს ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება“, – დაწერა მეზურნიშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც „ეკოსერვისის“ თანამშრომელი აღნიშნავს, ის წლებია თავის მეუღლესთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობს.
„მართალი გითხრათ, არ ველოდი ასეთ საჩუქარს. მინდა სწორად გაიგოს ყველამ, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ეს საჩუქარი უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის. პირადი შეხვედრის დროს ბატონმა კახა კალაძემ მთხოვა, არ გამეხმაურებინა ეს ამბავი, მაგრამ ვერ შევძლებ ამ თხოვნის შესრულებას. არასდროს არაფერი დამიმალავს და ამ სიხარულსაც ვერ დავმალავ. სიკეთით გადაგვეხადოს მე თუ არა ჩემს შვილებს მაინც“, – წერს მეზურნიშვილი.
ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა, როდესაც ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. აქედან ერთი, 13 წლის გოგონა დაიღუპა. სწორედ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა ისინი შადრევნიდან.
თვითმხილველების განცხადებით, რომელებიც უშუალოდ შეესწრნენ ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას, მოზარდების წყლიდან ამოყვანა რთული იყო, რადგან დენი მათ დასახმარებლად ჩასულ მეზურნიშვილსაც არტყამდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 19 ოქტომბერს ცხრა ადამიანი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხრავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.