თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება არ შეიძლება, ეს სისულელეა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში და კომიტეტებში მისი განხილვა დღეიდან იწყება.
„ამ კანონის მიღება საქართველოს ვერანაირ დადებით შედეგს ვერ მოუტანს. ჩვენი პრობლემა არა ოლიგარქები, არამედ ერთპიროვნული მმართველობაა. არ შეიძლება ადამიანებს ავუკრძალოთ პოლიტიკური მოღვაწეობა ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად. ეს არანაირ შედეგს არ მოიტანს, პირიქით, პრობლემას სხვა ადგილზე გადავიტანთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განმარტებით, პარლამენტს არ შეუძლია ერთ ადამიანთან დაკავშირებული კანონის მიღება. თუმცა, პრინციპები უნდა იყოს ისეთი, რაც ქვეყანას ოლიგარქიის საფრთხისგან დააზღვევს.
„ჩვენი აზრით, ოლიგარქიის მთავარი პირობა, ფულის დიდი ოდენობით ფლობასთან ერთად, უნდა იყოს ისიც, რომ მასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა არ უნდა დაიკავონ მაღალი პოლიტიკური თანამდებობები და არ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს", – განაცხადა მანჯგალაძემ ბრიფინგზე.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გამოვლენას, რომლებიც შეიძლება ჩაითვალონ ოლიგარქებად, და ამ საკითხს საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტს.
„სწორედ პოლიტიკური ორგანოს ფარგლებში იქნება შესაძლებელი იმ პირთა განსაზღვრა, რომლებიც ოლიგარქები იქნებიან და ასევე შესაბამისი რეესტრის შედგენა. ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ამიტომ ველოდებით ოპოზიციას. როცა ისინი (ოპოზიციონერები) კამერების წინ თავდაჯერებულად საუბრობენ, საკომიტეტო მოსმენებზეც არგუმენტებით უნდა ისაუბრონ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონით სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად.