ზღვრული ფასები მედიკამენტებზე: ჯანდაცვის სამინისტროში უცხოელ ექსპერტებს შეხვდნენ

Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ექსპერტები ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და იმ ცვლილებებზე ისაუბრეს, რომელიც მედიკამენტებზე რეფერენტული (ზედა ზღვრული) ფასების ამოქმედების მექანიზმებს შეეხება, იუწყება სამინისტროს პრესცენტრი.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეფორმაზე მუშაობს, რომელიც 2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენას გულისხმობს.
ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.
შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა რეფორმის მნიშვნელობასა და მისი ამოქმედების მექანიზმებზე ისაუბრეს და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.