თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. რუსმა მესაზღვრეებმა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ოთხი დაღესტნელი ქალი დააკავეს, რომლებიც ოჯახურ ძალადობას გამოექცნენ, აცხადებს კრიზისული ჯგუფი CK SOS.
მათი თქმით, ახალგაზრდა ქალები მესაზღვრებს 10 საათი ჰყავდათ დაკავებული, შემდეგ კი ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეუშვეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაღესტნელმა ქალებმა — ორმა დამ და მათმა ორმა ბიძაშვილმა: ხადიჟათ და ფატიმათ ხიზრიევებმა, ანიმათ გაზიმაგომედოვამ და ფატიმათ მაგომედოვამ — საქართველოს საზღვარი ადვოკატთან ერთად გადაკვეთეს. SOS UK-ს ინფორმაციით, ახლა გამოქცეულები უსაფრთხო ადგილას არიან.
როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ნათესავები რეგულარულად ძალადობდნენ გაქცეულ ქალებზე, რომლებსაც ბავშვობაში წინადაცვეთა ჩაუტარეს, ცოტა ხნის წინ კი მშობლებმა ერთ-ერთი მათგანის ბიძაშვილზე დაქორწინება გადაწყვიტეს.
ჟურნალ „ხოლოდის“ Telegram-არხით ვრცელდება ქალების ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი ითხოვენ, რომ არ გადასცენ მშობლებს, ვინაიდან სამშობლოში მათ სიკვდილი ემუქრებათ.
ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნათესავები ქალების მოძებნასა და დაღესტანში დაბრუნებას გეგმავენ.
როგორც SK SOS-ში აცხადებენ, დების ახლობლები ლარსის საგუშაგოზეც იყვნენ მისულები და, მიუხედავად იმისა, რომ გაქცეულებს მათთან შეხვედრა არ უნდოდათ, ნათესავებს მათი ნახვის უფლება მაინც მიეცათ. ფატიმატისა და ხადიჟათ ხიზრიევების დედამ და მათმა ბიძაშვილმა ქალების ძალით წაყვანა სცადეს, მაგრამ ისინი ადვოკატის მოთხოვნით გაიყვანეს შენობიდან.