თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს რესპუბლიკის დღე მიულოცა, იუწყება მთავრობის პრეს–სამსახური.
თურქეთში რესპუბლიკის დღე (Republic Day in Turkey) 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის (Cumhuriyet Turkiye) გამოცხადების აღსანიშნავად იმართება. ამ დღეს ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებები შეიტანეს, რომლის შედეგადაც ოსმანეთის იმპერია დაიშალა და თურქეთი რესპუბლიკა გახდა.
„გილოცავთ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 99 წლისთავს. მოხარული ვარ, რომ გვყავს ასეთი სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში," - ნათქვამია მთავრობის მეთაურის მისალოც მიმართვაში.
პრემიერმა თურქეთის მოსახლეობას მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.