თუ გადაწყვეტთ, რომ შაბათ-კვირა მხოლოდ დასვენებისთვის უნდა გამოიყენოთ და ამიტომ ჯობს სახლი პარასკევს დალაგოთ, ნება თქვენია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოწმინდოთ იატაკი. ასე გვასწავლის ხალხური რწმენა.
ზოგადად, პარასკევთან არაერთი ცრურწმენა და აკრძალვაა დაკავშირებული. მაგალითად, ძველ ხალხს სწამდა, რომ ამ დღეს არც თმის შეჭრა შეიძლებოდა და არც ფრჩხილების დაქნა, არც ღვინის (არყის) სმა და მოლხენა...
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იატაკის მოწმენდა რა შუაშია?
როგორც ირკვევა, ამ ცრურწმენის ფესვები ძალიან შორს მიდის და ქრისტეს ცხოვრებას უკავშირდება.
ცნობილია, რომ იუდამ ქრისტე სწორედ პარასკევ დღეს გასცა და მაცხოვარი იმავე დღეს აცვეს ჯვარს. როგორც ჩანს, კაცობრიობის ისტორიაში ამ უმძიმესმა დანაშაულმა არაერთ თაობაზე მოახდინა გავლენა და, შესაბამისად, უამრავი ცრურწმენაც წარმოიშვა.
მაგალითად:
ძველებს სჯეროდათ, რომ პარასკევს ბნელი ძალა აქტიურდება და თუ იატაკს მოასუფთავებდნენ, უწმინდური აუცილებლად მიაკითხავდა მათ საცხოვრებელს.
ამასთან, აუცილებლად მოხდებოდა ოჯახში ჩხუბი, უსიამოვნება და გაჩნდებოდა ფინანსური პრობლემები.
წინაპრების რწმენით, ვისაც გამდიდრება სურდა, იატაკი სამშაბათს უნდა მოესუფთავებინა.
თუ გოგო გასათხოვარი იყო და მდიდარ კაცს ეძებდა საქმროდ, ყოველთვის დილით ადრე უნდა მიეხედა ამ საქმისთვის – რაღა თქმა უნდა, პარასკევის გარდა ნებისმიერ დღეს.
თუ მიჯნურის პოვნა სურდა, კვირა საღამოსთვის უნდა გადაეტანა იატაკის მორეცხვა-მოწმენდა.
მოკლედ, პარასკეობით „წყლიანი საქმე“ აკრძალული იყო და ძველი ქალებიც სხვა დღეებისთვის გადადებდნენ ხოლმე ჭურჭლისა თუ სამოს-თეთრეულის რეცხვას.