„TV პირველის" წინააღმდეგ კალაძის სასამართლო პროცესი გრძელდება: სხდომის დეტალები

კახა კალაძე ტელეკომპანიისგან და ჟურნალისტ მაია მამულაშვილისგან საჯაროდ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ტელეკომპანია „TV პირველის“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის კახა კალაძის საჩივრის განხილვა 21 ნოემბერს გაგრძელდება.
მიმდინარე წლის 20 ივნისს კალაძემ ცილისწამების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქმე ეხება 5 ივნისს ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო“. წამყვანის თქმით, ეს ოფიციალური ინფორმაციაა.
კალაძე ტელეკომპანიისგან და ჟურნალისტ მაია მამულაშვილისგან საჯაროდ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას – 100 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.
სასამართლოს მოგების შემთხვევაში რაში დახარჯავს თბილისის მერი მიღებულ თანხას>>>
პარასკევს გამართულ სასამართლო სხდომაზე „TV პირველის“ ადვოკატმა ქეთევან ზანდუკელმა სხდომის გადატანა მოითხოვა იმ მოტივით, რომ მას მეორე მხარის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები არ გადაეცა, ადგილზე კი მათ გაცნობას ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოახერხებდა.
ამიტომ კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ საკუთარი მტკიცებულებები უკან გაითხოვა და სხდომა მხარეების შესავალი სიტყვით გაგრძელდა.
„TV პირველის“ და ტელეარხის წამყვანის წინააღმდეგ თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელის განხილვა 21 ნოემბერს გაგრძელდება.