რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა: შოიგუმ პუტინს შედეგები მოახსენა

ჯარის დაკომპლექტება მხოლოდ მოხალისეებისა და კონტრაქტორების ხარჯზე გაგრძელდება, აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. 300 ათასი ადამიანის ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევის შესახებ განკარგულება შესრულებულია, დამატებითი დავალებების გაცემა არ იგეგმება, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე.
მისი სიტყვებით, ჯარების დაკომპლექტება მხოლოდ მოხალისეებისა და კონტრაქტორების ხარჯზე გაგრძელდება.

„ისინი, ვინც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, მიიღებენ ვეტერანის სტატუსს და სოციალური შეღავათების შესაბამის პაკეტს. მობილიზაციის ფარგლებში გაწვეული მოქალაქეების გაგზავნა დღეს დასრულდა. მოქალაქეებს უწყებები აღარ ეგზავნებათ. თქვენ მიერ გაცემული დავალება – 300 ათასი ადამიანი – შესრულებულია. არავითარი დამატებითი დავალებები არ იგეგმება“, – მიმართა შოიგუმ პუტინს.

მინისტრმა პრეზიდენტს მოახსენა, რომ წვრთნების შემდეგ 82 ათასი წვევამდელი უკვე გაგზავნილია მოქმედ ჯარში. როგორც შოიგუმ აღნიშნა, საწყის ეტაპზე მობილიზებულების მომარაგების პრობლემა იყო, ახლა ეს მოგვარებულია.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შეიარაღებული ძალების რიგებში გაწევრიანდა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს. „მადლობა ვალის ერთგულებისა და პატრიოტიზმისთვის!“ – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით, გამომდინარე სპეცოპერაციის ჩატარების გამოცდილებიდან, ნათელია, რომ აუცილებელია შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტის კორექტირება.
ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად დაიწყო. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, იგი საჭიროა 1.000 კილომეტრიანი ფრონტის ხაზის და რუსეთის ახალი ტერიტორიების გასაკონტროლებლად.