თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ მიუღებელი და ამორალურია ბრიუსელის გადაწყვეტილება – საქართველო უკრაინისა და მოლდოვის უკან მოიტოვოს.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამავე დროს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი მიენიჭა.
„მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა. ეს მიუღებელი და ამორალურია. ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში“, – დაწერა ორბანმა.
მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით, ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ყველა რეკომენდაციას შეასრულებს. მთავრობის მეთაურმა ასევე მოუწოდა ოპოზიციას, რომელიც ბოიკოტს უცხადებს პარლამენტში მუშაობას, მონაწილეობა მიიღოს რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში.