ამბობს, რომ თავის საქმიანობაში ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობს, რადგან პედაგოგია სწორედ იმ სკოლაში, რომელიც ოდესღაც მისმა მშობლებმა დაამთავრეს.
- ქალბატონო ნინო, თქვენი დაწყებითი კლასის მასწავლებელი თუ გახსოვთ?
- სხვათა შორის, ჩვენში იშვიათი ამბავია, როცა დაწყებით საფეხურზე კაცი–მასწავლებელი ასწავლის. მე მყავდა არაჩვეულებრივი მასწავლებელი ამირან ჯახუა. მასთან საერთოდ არ გვქონდა დისკომფორტი. ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო. იმდენი სითბო და სიყვარული გაგვიზიარა მოსწავლეებს, რომ არასოდეს დამავიწყდება. მისი ხმა, ინტონაცია და ემოცია დღემდე მახსოვს. მას არასოდეს არაფერი გამოეპარებოდა. მაშინ პირველ კლასს ნული კლასი ერქვა. დედამ ხუთი წლისა მიმიყვანა სკოლაში. აღნაგობითაც ისეთი პატარა ვიყავი, რომ ჩანთას იატაკზე მივათრევდი. ამის გამო მგონია, რომ ამირან მასწავლებელი განსაკუთრებით მიფრთხილდებოდა. სულ ყურში ჩამესმოდა – „ნინი, წელში ნუ იხრები, საზურგეს მიეყუდე“, „ბუფეტში ფრთხილად ჩადი“ და ა.შ. მის მერეც ბევრი არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა, მაგრამ ამირან მასწავლებელი ყოველთვის განსაკუთრებულად მახსოვს, ნათელი და სანთელი მის ლამაზ სულს…
- თქვენი, როგორც მასწავლებლის ნათლობა როგორ მოხდა?
- სკოლაში მისვლისთანავე მომცეს პირველკლასელთა საბუთები პირადი საქმეების შესავსებად და მოსაწესრიგებლად. ყურადღებით ვაკვირდებოდი თითოეული მოსწავლის ფოტოს, ვეცნობოდი მათ და მათთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდი. ჩემს პირველ გაკვეთილზე ძალიან ვღელავდი. ვცდილობდი, რომ პატარებისთვის საზეიმო გარემო შემექმნა და საკლასო ოთახი საკუთარი ხელით მოვრთე. მინდოდა პირველ დღეს დაძაბულობის გარეშე ჩაევლო და ჩემს პატარებს ის განსაკუთრებული ჰქონოდათ. პირველმა გაკვეთილმა ძალიან თბილ გარემოში ჩაიარა. როცა მათ გავეცანი, ვუთხარი, რომ ისინი ერთმანეთისთვის სკოლის და-ძმები არიან, მე კი მათი „სკოლის დედიკო“ გავხდი. თუ რამე დასჭირდებოდათ, ყველაფერში დავეხმარებოდი. ბედნიერი ვიყავი, როცა მათ თვალებში პატარა შიში ნელ-ნელა გაქრა.
- რა ცვლილებებს განახორციელებდით სკოლაში?
- ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა კლასში შევიძენდი საჭირო ინვენტარს და, პირველ რიგში, ელექტრონულ დაფებს. დიდ ელექტრონულ დაფაზე შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა მოვლენაზე დაკვირვება. ასევე მოვაწყობდი საინტერესო ლაბორატორიებს. აუცილებლად გავზრდიდი სკოლის ბიბლიოთეკის როლს. ბიბლიოთეკაში მომუშავე პერსონალი მოსწავლეებს დაეხმარებოდა წიგნის სამყაროს შეცნობაში. მოსწავლე წიგნის ჩაბარების დროს რაიმე საინტერესო კითხვარს შეავსებდა. აუცილებლად დავურთავდი წახალისების ფორმებს მოსწავლისა და მთელი კლასისთვის. უფასო წრეებს გავხსნიდი, სადაც თუნდაც კვირაში ერთხელ მოსწავლეები გაიღრმავებდნენ ცოდნას ამა თუ იმ საგანში. მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად წახალისების ფონდს დავაარსებდი.
- როგორია კარგი მასწავლებელი?
- კარგი მასწავლებელი, პირველ რიგში, კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. ასეთ მასწავლებელს შეუძლია ჩაწვდეს თითოეული მოსწავლის სულს, წაახალისოს მისი წარმატება და შთააგონოს, რომ ყველაფერს შეძლებს. ასეთი მასწავლებელი მოტივაციას უმაღლებს მოსწავლეებს და მათ საკუთარ შესაძლებლობებში არწმუნებს, რითაც ბავშვების თვითშეფასება და სოციალიზაცია მაღლდება. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა კომფორტულად იგრძნონ თავი, დიდი მნიშვნელობა აქვს ვერბალური გარემოს შექმნას. აუცილებელია პოზიტიური დამოკიდებულება და სამართლიანობის დაცვა თითოეულ მოსწავლესთან. ჩემი პირველად ჩატარებული გაკვეთილიდან ბევრი წელი გავიდა და შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერებაა, როცა იმ საქმეს აკეთებ, რომელიც გიყვარს. ბედნიერია ადამიანი, როცა სამსახურიდან სახლში მიეჩქარება, სახლიდან კი სამსახურში...
ნინო მამულაშვილი