კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი ბრიტანეთის ელჩს უმასპინძლა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი მიიღო, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის უკრაინის თემას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაიხსენა მისი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან და კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება დედოფლის გარდაცვალების გამო, აღნიშნეს საპატრიარქოში.

ელჩმა მარკ კლეიტონმა, თავის მხრივ, ილია მეორეს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის. მან აღნიშნა საქართველოს ეკლესიისა და პირადად კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებასა და ერის განმტკიცებაში.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს ქვეყნებისა და ხალხების შემდგომი დაახლოებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს