დის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა

დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საკუთარი დის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 35 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შემთხვევა 26 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა, სადაც ბრალდებულს ძმასთან კონფლიქტი მოუვიდა.
ძმებს შორის დაპირისპირებაში 34 წლის დაც ჩაერთო. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ასფალტზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. სამართალდამცველებმა იგი 27 ოქტომბერს დააკავეს.
მამაკაცს ბრალი სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც 10-დან 14 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.