ბავშვის მიმართ მუქარისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი ერთდროულად ორი მუხლით წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი 25 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ ბინაში მარტო მყოფ ათი წლის ბავშვს კარზე ხელის და ფეხის ბრახუნით აიძულებდა კარის გაღებას, ხოლო მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, მას კარის შემტვრევით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი 26 ოქტომბერს დააკავეს.
მას ბრალდება სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე მუხლის მეორე ნაწილით (ქონების განადგურების მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.