თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი მართებულად მიიჩნევს პატარა პარტიების გაერთიანებას.
სამი ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სამივე პარტია სხვადასხვა დროს იმ პოლიტიკოსების მიერ შეიქმნა, რომლებმაც უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.
„სწორია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული პატარა პარტიები ერთიანდებიან, რაღაც ფორმას იძენებ და საკუთარ სახეს აყალიბებენ, რადგანაც დღეს არავინ იცის არცერთი პარტიის შესახებ – რას იზამს უცებ მის ხელში ძალაუფლება რომ აღმოჩნდეს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ოპოზიციონერის თქმით, „ამ ტროიკის“ განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს ჰგავს.
„ეს ნიშნავს, რომ ამ ჯგუფს სურს დაიკავოს „ნაცმოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი. არ მგონია ეს გამოუვიდეთ, რადგანაც ნიჭი არ ეყოფათ. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საქმიანობაში ნიჭი სჭირდება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სამივე პარტიის ლიდერები – გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე „უნიჭოები არიან“.
„ ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, დანარჩენებს ვიცნობ. ვაშაძე და ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, უნიჭოები არიან“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
გიორგი ვაშაძემ „დიდი ევროპული ოპოზიციური გაერთიანების“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ სექტემბერში გამოთქვა. პოტენციურ პარტნიორებად პოლიტიკოსმა დაასახელა პარტიები „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს ასევე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
თუმცა, ოთხშაბათს პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური გაერთიანების შექმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ძალიან დიდი შეცდომა იქნება.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და ფავორიტები უწოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და დე ფაქტო კოალიცია როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს, პოლიტიკური ლანდშაფტი არანაირად არ შეიცვლება.
თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ვინც ამ ერთობაში არ იქნება, ჩამოშორდება პოლიტიკურ პროცესებს. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს მათთან, ვისაც ელექტორალური მხარდაჭერა აქვს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“.