წლის ყველაზე მისტიკურ დღესასწაულს „ბაზარი ორბელიანზე“ უმასპინძლებს

ჰელოუინი, ანუ ყველა წმინდანის დღის წინა საღამო სულ მალე დადგება.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ჰელოუინის დღესასწაული გაიმართება 28-30 ოქტომბერს თბილისის გასტრონომიულ სივრცეში „ბაზარი ორბელიანზე“, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

„სტუმრებს ელოდებათ კოსტიუმების კონკურსი, უამრავი თამაში და ჯადოსნური გართობა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

პარასკევს ჰელოუინის სტუმრებს DJ Cover-ის გამოსვლა ელოდება. შაბათ-კვირას კი ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, მასტერ-კლასი ბავშვებისთვის გოგრის მოხატვაში, დიჯეების პერფორმანსები, დეგუსტაცია, ჩაის ცერემონიები და სხვ.
ჰელოუინი წლის ყველაზე მისტიკური დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 31 ოქტომბრის ღამეს აღნიშნავენ.
დღესასწაულის ისტორია და ტრადიციები
როგორ გაჩნდა ჰელოუინი – დანამდვილებით ცნობილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, მას საფუძველი ჩაუყარა კელტურმა ახალმა წელმა, რომელიც, ჩვენ წელთაღრიცხვამდე გაჩენილი ტრადიციის მიხედვით, 1 ნოემბერს აღინიშნებოდა.
გადმოცემით, საფრანგეთის, ინგლისისა და ირლანდიის კელტები წელიწადს ორ ნაწილად ჰყოფდნენ – ზაფხულისა და ზამთრის სეზონებად. ამიტომ 31 ოქტომბერს, რომელიც სიმბოლურად მოსავლის აღების დასასრულს აღნიშნავდა, მიიჩნევდნენ მიმავალი წლის ბოლო და ახალ, ზამთრის სეზონზე გადასვლის დღედ. კელტებს სწამდათ, რომ მიმავალი წლის ბოლო ღამეს – მას სამაინს ან სამჰეინს უწოდებდნენ – იშლებოდა ზღვარი ცოცხლებსა და მკვდრებს შორის და იმქვეყნიური სამყაროს ბინადარნი თავისუფლად აღწევდნენ მიწიერ სამყაროში.
ჰელოუინის დღესასწაული
„დაუპატიჟებელი სტუმრების", მოჩვენებებისა და სულების დასაფრთხობად კელტები სახლებში ცეცხლს აქრობდნენ და ცხოველების ტყავით იმოსებოდნენ. სახლებთან სულებისთვის ტოვებდნენ ნუგბარს, თავად კი ქურუმების მიერ დანთებულ კოცონთან იკრიბებოდნენ და ცხოველებს მსხვერპლად სწირავდნენ. მსხვერპლშეწირვის შემდეგ წმინდა ცეცხლი სახლში მიჰქონდათ.
ჰელოუინი – ჯადოქრობისა და გარდასახვის ღამეა. ამიტომ ზეიმზე ყველა ცდილობს სრულიად უჩვეულო კოსტიუმი და გრიმი მოირგოს, რათა სასიამოვნოდ გააოცოს ან სულაც ცოტათი შეაშინოს ირგვლივ მყოფები.
ჰელოუინის მასკარადზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ალქაჯების, ვამპირების, ზომბების, მოჩვენებებისა და სხვა ავი სულების კოსტიუმები და გრიმები.