„ყიდვის მსურველები არიან“ - კობა გვენეტაძე „ვითიბი ბანკზე“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნული ბანკის გაყიდვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. რუსული VTB Bank-ის შვილობილი VTB Bank Georgia-ს ყიდვის მსურველები არიან, მაგრამ მათ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ჯერ არ მოუმართავთ, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან.
ქართულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ VTB Bank Georgia-ს შესყიდვით დაინტერესებულია ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი.

„ეს ბანკი სანქციების ქვეშ მოხვდა, თუმცა არ გაკოტრებულა და დღესაც მოქმედი, ლიცენზირებული ბანკია მაღალი კაპიტალით. იგი აგრძელებს მუშაობას სანქციებისა და შეზღუდვების ფარგლებში. ყიდვის მსურველები არიან, მაგრამ ეროვნულ ბანკში მოთხოვნა ბანკის ყიდვაზე არ შემოსულა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მანამდე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ბანკის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტთან და იგი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე.
„ვითიბი ბანკის" კლიენტებს, ფიზიკურ პირებს 27 თებერვლიდან ემსახურება "ბაზისბანკი", იურიდიული პირების დეპოზიტები და კრედიტები კი "ლიბერთი ბანკს" გადაეცა, რომელმაც ამ პირების მომსახურება 3 მარტიდან დაიწყო.