თბილისი, 27 ოქომბერი — Sputnik. ცოტა პოლიტიკოსს თუ შეუძლია წარუმატებლობის შემდეგ დაბრუნება, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა გამონაკლისი, რომელიც ადასტურებს, რომ ის მებრძოლია, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქართული დელეგაციის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე.
ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად 2013 წელს გახდა და ამ თანამდებობას 2015 წლამდე იკავებდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან მისი გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად ნეპოტიზმი დაასახელა. ღარიბაშვილი პრემიერის პოსტზე მეორედ 2021 წლის თებერვალში დაბრუნდა.
„თუ ადამიანი მარცხდება პოლიტიკურ ველზე, ის, როგორც წესი, აღარ ბრუნდება. ამ მოცემულობას ძალიან ცოტა გამონაკლისი ჰყავს. ჩვენი დღევანდელი სტუმარი მათ შორისაა, ვინც პოლიტიკაში დაბრუნდა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრია და აღნიშნული თანამდებობა მეორედ დაიკავა. ის გახლავთ დიდი მებრძოლი და ამიტომაც არის ჩვენთვის სამაგალითო“, – განაცხადა ორბანმა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფებიან. ხუთშაბათს პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.
სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და უნგრეთს შორის 2022 წლის სამ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 42,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უნგრეთმა საქართველოში დაახლოებით 1 მლნ დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიციები განახორციელა.