საქართველოში გაიმართება დეველოპერების ფესტივალი DevFest

DevFest-ზე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud–ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, ასევე გაფართოებული და ვირტუალური რეალობა.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ფესტივალი ტექნოლოგიურ სფეროში DevFest გაიმართება 29 ოქტომბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წერს Marketer.ge.
დეველოპერული ფესტივალი ორგანიზებულია Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დარგის ათასობით პროფესიონალს აერთიანებს. DevFest-ზე განიხილება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud–ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვ.

ღონისძიების მიზანია ტექნოლოგიური სფეროსადმი ინტერესის სტიმულირება, Google-ის სერვისების უკეთ გაცნობა, შესაძლებლობების გაზიარება და ახალი თაობისთვის ახალი ეკოსისტემების შექმნა, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ფესტივალი მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და მასტერ-კლასებს. სპეციალური სივრცე გამოიყოფა ტექნოლოგიებისა და ნეტვორკისთვის. ასევე იმუშავებს დასაქმების ფორუმი, რომლებზეც კარიერის განვითარებით დაინტერესებული მონაწილეები მიიღებენ რჩევებს რეზიუმეს დაწერის, LinkedIn-ის შექმნისა და მართვის შესახებ.
„აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ასეთი მასშტაბის ღონისძიება პირველად ტარდება, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ჰაბის დეცენტრალიზაციას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას დედაქალაქს გარეთ“, – განაცხადა GDSC-ს ხელმძღვანელმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ლიზი ეჯიბიამ.
„ეს არის ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქართველ დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტრენდებზე“, – განაცხადა ლევან კობახიძემ – „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, რომლის მხარდაჭერითაც ტარდება ფესტივალი.
ღონისძიება ორ – ქართულ და ინგლისურ ენებზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს