საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად მზადაა

2018 წელს ჩემპიონატის გამართვაზე პრეტენზია 14-მა ქვეყანამ გამოთქვა.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი მზადაა ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს, განაცხადა სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ეკა გაბაშვილმა.
2023 წლის თებერვალში ბაკურიანში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე კონგრესზე მიიღეს.
16 თებერვალს სპორტსმენები კურორტზე პირველ ვარჯიშს გამართავენ, ძირითადი შეჯიბრებები კი 18 თებერვლიდან დაიწყება.

„ამ პოზიციისთვის იბრძოდნენ ისეთი წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია, იტალია, გერმანია და ა.შ. მაგრამ საერთაშორისო ფედერაციაში თქვეს – მოდით, ამ 14 ქვეყნიდან შანსი მივცეთ ახალ კურორტს და ვნახოთ მისი შესაძლებლობები. ეს დიდი გამოწვევაა... დღეს შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ბაკურიანი მზადაა ამ ჩემპიონატის ჩასატარებლად“, – განაცხადა გაბაშვილმა.

მისი თქმით, ეს იქნება „მართლა შთამბეჭდავი სანახაობა“.
როგორც სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო წლებში ჩემპიონატისთვის მზადების პარალელურად უწყება აქტიურად ახორციელებს სათხილამურო ტრასების ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვის მზადებას. ფედერაციის თანამშრომლებთან ერთად პროცესში ჩართული არიან მოხალისეებიც.
„ადამიანები, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში გაიზარდნენ და ოცნებობდნენ ამ დონის შეჯიბრებაზე, მოხალისედ მოვიდნენ და დაუღალავად შრომობენ. ამ ხალხის ყურება უბრალოდ სასწაულია“, – განაცხადა გაბაშვილმა.
მსოფლიო პირველობისთვის მზადების ფარგლებში ბაკურიანში რეალიზებულია უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები – აშენებულია ახალი საბაგიროები, დამონტაჟებულია ხელოვნური თოვლის სისტემა, შესყიდულია სპეციალური აღჭურვილობა და უსაფრთხოების საშუალებები.
გარდა ამისა, ბაკურიანში აშენდა შემოვლითი გზა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზას კოხტა–მიტარბის ტრასამდე.