თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესაწყობად მმართველი გუნდი ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს უწყებათშორის ანტიკორუფციულ საბჭოს წარუდგენს.
„ეს საკანონმდებლო ცვლილებები მთლიანობაში ემსახურება ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის მეოთხე პუნქტის შესრულებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია ღია კონკურსის საფუძველზე და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს. კანდიდატურები პრემიერს წარედგინება, რომელიც მათგან ამოირჩევს და დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან შეუდგება.