თორნიკე შენგელიას მოედანზე 27 ოქტომბერს ელოდებიან

შენგელიას მოედანზე დაბრუნება ორმაგად სასიხარულოა, რადგან საქართველოს ნაკრებს ნოემბრის შუა პერიოდში მნიშვნელოვანი მსოფლიო საკვალიფიკაციო მატჩები ელის.
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც თბილისში ნიდერლანდის წინააღმდეგ მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო, 27 ოქტომბერს მოედანს დაუბრუნდება, იუწყება საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.
24 აგვისტოს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც ევრობასკეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა, შენგელიამ მხარი დაიზიანა.

„ახლა „ვირტუს ბოლონიას” ქართველი ფორვარდი სათამაშოდ მზადაა, მას მოედანზე 27 ოქტომბერს მადრიდში „რეალთან” გასამართ ევროლიგის მატჩში ელოდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფედერაციის განმარტებით, შენგელიას დაბრუნება ორმაგად სასიხარულოა, რადგან საქართველოს ნაკრებს ნოემბრის შუა პერიოდში მნიშვნელოვანი მსოფლიო საკვალიფიკაციო მატჩები აქვს ჩასატარებელი: 11 ნოემბერს ისლანდიაში და 14 ნოემბერს თბილისში, სადაც იტალიის გუნდს დაუპირისპირდება.
31 წლის თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ გაზაფხულზე, მოსკოვის „ცსკ“-ს დატოვების შემდეგ შეუერთდა და მასთან ერთად საკალათბურთო ევროთასის გამარჯვებულიც გახდა. ტრავმის მიუხედავად, იტალიურმა გუნდმა ქართველ კალათბურთელს ახალი სეზონის წინ კონტრაქტი გაუფორმა.