თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. მშვიდობიანი თანამშრომლობა და კეთილდღეობა სამხრეთ კავკასიაში საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო მიზანია, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ორშაბათს საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია, რომელმაც მთავრობის მეთაურთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა შეხვედრა.
„მოხარული ვარ პრეზიდენტ ალიევის მასპინძლობით. განვიხილეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივები და უზარმაზარი პოტენციალი. ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, – დაწერა პრემიერმა Twitter-ის მიკრობლოგში.
ვიზიტის ფარგლებში ალიევმა და ღარიბაშვილმა განიხილეს ერთობლივი პროექტები ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. აღინიშნა, რომ ქვეყნები გააგრძელებენ პროექტებს, რომლებიც დაეხმარება ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდას აზერბაიჯანიდან საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს გავლით.
ამას გარდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს სამმხრივი ფორმატის დიალოგი სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით.
ალიევმა ქვეყანა უკვე დატოვა. აეროპორტში ის პირადად საქართველოს პრემიერმა გააცილა.