პარლამენტი სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატების მოსმენას იწყებს

პარტიებს სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შესარჩევად ვადა 21 ოქტომბრამდე ჰქონდათ.
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენა სამშაბათს დაიწყება, პრეტენდენტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
საპარლამენტო კომიტეტებს ომბუდსმენის პოსტზე 19-ვე კანდიდატის განხილვა მოუწევთ. პარტიებს 21 ოქტომბრამდე ჰქონდათ დრო, რათა გარკვეულიყვნენ სასურველ კანდიდატთან დაკავშირებით და განსახილველად სულ ცოტა 7 პრეტენდენტი წარედგინათ. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა თავისი კანდიდატების დასახელებაზე და ამის უფლება ოპოზიციას მისცა.

„დღეიდან დაიწყება კანდიდატების მოსმენა. კანდიდატებს უკვე ვესაუბრეთ, გრაფიკი შედგენილია და მთელი ამ კვირის განმავლობაში, შაბათის ჩათვლით, გვექნება საკომიტეტო მოსმენები“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე.

მისი თქმით, 19 კანდიდატი ანბანური თანმიმდევრობით არის განაწილებული. დღეს სამ კანდიდატს მოუსმენენ, ხოლო დანარჩენ დღეებში – ოთხ-ოთხ კანდიდატს.
„გვექნება შესაძლებლობა, შევაფასოთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოვემზადოთ მომდევნო კვირაში დაგეგმილი პლენარული სხდომისთვის. ასეთია ჩვენი გეგმა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეიძლება კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხდეს - დეპუტატი ომბუდსმენობის კანდიდატებზე>>>
თუ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ მხოლოდ ერთი კანდიდატის დასახელებით შემოიფარგლა, ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - ორით, „რეფორმების ჯგუფი“ - ასევე ორით, ხოლო ფრაქცია „ლელო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - სამით, პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა“ წარადგინეს ყველა ის კანდიდატი, რომელმაც განაცხადი შეიტანა.
ამიტომ ახლა ადამიანის უფლებათა კომიტეტს მოუწევს ყველა კანდიდატის მოსმენა და პარლამენტის კენჭისყრაზე გატანა.
სახალხო დამცველი გახდება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველა სხვა კანდიდატზე მეტს, მინიმუმ 90 ხმას.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციით, მას მეორე ვადით არჩევა არ შეუძლია.
ახალი ომბუდსმენის ასარჩევად სულ ცოტა 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ანუ ოპოზიციის გარეშე მას ვერ აირჩევენ.