თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. მარნეულის რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ ერთი ადამიანი დაჭრეს, რაც, შესაძლოა, სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას უკავშირდებოდეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არიფ აზიზოვი მეგობრებთან ერთად ჩაიხანიდან გამოვიდა, რა დროსაც უცნობმა პირებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. აზიზოვს ოთხი ტყვია მოხვდა ფეხების არეში.
მომხდარის მიზეზებზე აზიზოვის ძმამ ისაუბრა. მისი თქმით, მამაკაცი ცოტა ხნის წინ რუსეთიდან ჩამოვიდა. მალე მან შეიტყო, რომ ადგილობრივების გარკვეული ჯგუფი თანასოფლელებს ფულს სძალავდა. იყო მკვლელობისა და ავტომობილების დაწვის შემთხვევებიც, აღნიშნა მან.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაზარალებულის ძმამ განაცხადა, რომ აზიზოვმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ასეთი საქციელი მისთვის მიუღებელია. სწორედ ეს გახდა მასზე თავდასხმის მიზეზი. მამაკაცს ხუთჯერ ესროლეს, მოხვდა ოთხი ტყვია.
მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციელებმა უკვე ამოიღეს ვიდეოკამერების ჩანაწერები ახლომდებარე ტერიტორიებიდან. დაწყებულია გამოძიება.