თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. სახალხო დამცველის კანდიდატზე შეთანხმება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეიძლება ვერ მოხდეს, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებს ომბუდსმენის პოსტზე 19-ვე კანდიდატის განხილვა მოუწევთ. პარტიებს 21 ოქტომბრამდე ჰქონდათ დრო, რომ გარკვეულიყვნენ თავიანთ კანდიდატთან დაკავშირებით და განსახილველად სულ ცოტა 7 ადამიანი წარედგინათ. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა თავისი კანდიდატების დასახელებაზე და ამის უფლება ოპოზიციას მისცა.
მათიკაშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი კრიტერიუმია – ესაა კომპეტენცია და მიუკერძოებლობა.
„სწორედ ამ კრიტერიუმების შესაბამისად იქნება კითხვები დასმული. იმისდა მიხედვით, თუ რა პასუხები გაიცემა და შეთანხმდება უმრავლესობა და ოპოზიცია, შესაბამისად, რომელიმე კანდიდატზე იქნება აქცენტი გაკეთებული. გამორიცხული არ არის, ასეთი შეთანხმება ვერ მოხდეს“, – განუცხადა მათიკაშვილმა ჟურნალისტებს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს.
„ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ისინი შეეცდებიან შეინარჩუნონ მოქმედი სახალხო დამცველის აპარატი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციით, მას მეორე ვადით არჩევა არ შეუძლია.
ახალი ომბუდსმენის ასარჩევად სულ ცოტა 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ანუ ოპოზიციის გარეშე მას ვერ აირჩევენ.