თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე გახდა ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, რომელიც ასევე დაიკავებს ქვეყნის პრემიერის თანამდებობას.
პრემიერ-მინისტრმა და დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ლიზ ტრასმა გასულ კვირაში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი დარჩება კაბინეტის მეთაურის პოსტზე იმ დრომდე, სანამ მისი მემკვიდრის არჩევა არ მოხდება.
სუნაკი, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, ერთადერთი კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდონტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატს მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიეღო.
მოლოდინის მიუხედავად, ბრიტანეთის ექს-პრემიერმა ბორის ჯონსონმა მთავრობის კაბინეტის ხელმძღვანელის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა აღარ წამოაყენა.
მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 20 ოქტომბერს განაცხადა. მას მთავრობის მეთაურის პოსტი მხოლოდ 44 დღის განმავლობაში ეკავა, რაც ყველაზე მოკლე პერიოდია თანამედროვე ბრიტანეთის ისტორიაში.